WI-FI ფართოზლოვანი ინტერნეტი

კატეგორია: მობილური • გამოქვეყნებულია: 27 თებ 2014

რა არის WI-FI ?
WI-FI ეს არის თანამედროვე უსადენო ტექნოლოგია, რომელიც აკავშირებს კომპიუტერებს ლოკალურ ქსელთან და ინტერნეტთან. WI-FI აბრევიატურის ქვეშ (Wireless Fidelity) იგულისხმება მაღალი ხარისხით ინფორმაციის გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. დღეისათვის ეს ტექნოლოგია მოიცავს რადიო არხებით ინფორმაციის გადაცემის სტანდარტების მთელ ოჯახს.
მობილური მომხმარებლების რიცხვის ზრდასთან ერთად, იზრდება მათი ერთმანეთთან ოპერატიულად დაკავშირების, ინფორმაციის გაცვლისა და სასურველ რესურსთან სწრაფი წვდომის მოთხოვნილება, ამიტომ ვითარდება და ფართოდ ინერგება უსადენო ქსელები (Wireless Local Area Network).
რაში მდგომარეობს ამ მომსახურების მიმზიდველობა?
WI-FI ტექნოლოგიების დანერგვა ძალზე აქტუალურია იქ, სადაც საკაბელო ქსელის მონტაჟი არ არის მიზანშეწონილი, ან შეუძლებელია როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური მიზეზების გამო (აგარაკებზე, სოფლებში, მაღალმთიან ტურისტულ რეგიონებში). ქსელი ოპტიმალურია ოფისებში, სადაც რამდენიმე ათეულობით კომპიუტერი უნდა იყოს ჩართული ინტერენტში. მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის, სახლის პირობებში ინტერნეტთან დაკავშირება ხორციელდება უსადენო ქსელის გამოყენებით. აღნიშნული ქსელი, შესაძლოა, ორგანიზებული იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც (სასტუმროებში, სადგურებში, აეროპორტში, კაფეებში, სკვერებში და სხვა). Wi-Fi ქსელის ინსტალაცია შენობაში არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, მაშინ, როდესაც კაბელის გაყვანისას საჭიროა კედლების ბურღვა და კაბელის ინსტალაცია ოთახებში. გარდა ამისა, Wi-Fi-ს დანერგვაზე გაწეული დანახარჯები მცირეა საკაბელო ქსელის ინსტალაციის ხარჯებთან შედარებით.
Wi-Fi სტანდარტებისათვის განკუთვნილი სიხშირული დიაპაზონის გამოყენება თავისუფალია ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა ზოგიერთი სიხშირული რესურსი ლიცენზიასაც საჭიროებს.
Wi-Fi მოწყობილობები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ბაზარზე. სხვადასხვა მწარმოებლის აპარატურა ერთმანეთთან თავსებადია და უზრუნველყოფს ყველა საბაზისო სერვისს. Wi-Fi მოწყობილობები მცირე ზომისაა და ექსპლუატაციის მხრივაც საკმაოდ იოლად კონფიგურირებადია სახლის პირობებშიც.
ოპტიმალური Wi-Fi სიგნალის მიღება შესაძლებელია ღია სივრცეში 300-400 მეტრის რადიუსში, ხოლო დახურულში - 45 მეტრის რადიუსში. პირდაპირი ხედვის შემთხვევაში, შესაძლებელია მომსახურების მიღება რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ინტერნეტთან წვდომის სიჩქარე მცირდება გამსხივებელი ანტენიდან დაშორების მანძილის პროპორციულად.
ასევე აღსანიშნავია, რომ Wi-Fi ქსელებს შესაძლოა ჰქონდეთ ე.წ. როუმინგის მხარდაჭერა, სხვანაირად რომ ვთქვათ, მომხმარებლის კომპიუტერს ან სმარტფონს შეუძლია მოძრაობა ერთი WI-FI დაფარვის ზონიდან მეორეში ინტერნეტთან კავშირის შეწყვეტის გარეშე.
უსაფრთხოა თუ არა აღნიშნული ქსელი მესამე პირების უნებართვო შეღწევის კუთხით?
ოჯახის ან ოფისის პირობებში გამოყენებულ WI-FI მარშუტიზატორებს გააჩნია დაშიფვრის მექანიზმები. ქსელის უსაფრთხოებისთვის დგინდება ე.წ. დაშიფვრის გასაღები, რომელიც მხოლოდ „თქვენთვის სასურველი“ ტერმინალებისთვის არის გასაგები. სხვა მოწყობილობები „ხედავენ“ ქსელს, თუმცა ვერ ახერხებენ ინფორმაციის მიღება-გადაცემას, სანამ არ მიუთითებენ დაშიფვრის გასაღებს ანუ ე.წ. „პაროლს“.
როგორ გამოიყურება უსადენო კომპიუტერული ქსელი?

ქვემოთ წარმოდგენილი მარტივი სქემის მიხედვით, კომპიუტერი შერთებულია სპეციალური მოწყობილობის, მარშუტიზატორის, მეშვეობით. წარმოდგენილი ნახაზი ასახავს ყველაზე გავრცელებულ სქემას ოჯახისათვის და საწარმოებისათვის, რომლის მიხედვითაც ყველა ტერმინალი თავისუფალია სადენისაგან და სახლში ან ოფისში დამატებითი გაყვანილობა აუცილებელი არ არის.


რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ ქსელს?
Wi-Fi გააჩნია მოქმედების მცირე რადიუსი. ტიპური Wi-Fi მარშუტიზატორს 802.11b ან 802.11g სტანდარტზე სახლის პირობებში შეუძლია დაფაროს 45 მეტრიანი რადიუსის მქონე არეალი. ამასთან, მიკროტალღოვანი ღუმელი ან სარკე საგრძნობლად ამცირებს სიგნალის სიძლიერეს.
მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ან ერთ შენობაში თავმოყრილ რამოდენიმე ოფისს შეიძლება პრობლემა შეექმნას WI-FI დაფარვის ზონების გადაფარვაში და შესაძლოა ხელი შეუშალონ ერთმანეთს. სიგნალის ხარისხი საგრძნობლად იკლებს წვიმის დროს.
აპარატურა იტვირთება ბევრი და პატარა ზომის პაკეტების გადაგზავნისას, რადგან თითოეულ პაკეტს მიყვება დიდი რაოდენობოს ტექნიკური ინფორმაცია.

არაოპტიმალურია ხარისხი მედია ინფორმაციის გადაცემისას, მაგალითად ე.წ. RTP ნაკადისას, რომელიც გამოიყენება IP-ტელეფონიისათვის, რაც განპირობებულია პაკეტების დიდი დანაკარგით, იქნება ეს ატმოსფერული დაბრკოლებების, ლანდშაფტური თუ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზეგავლენით.

ვებ-გვერდი: analytics.gncc.ge

კატეგორიები