ოპტიკური ინტერნეტი

კატეგორია: ინტერნეტი • გამოქვეყნებულია: 19 სექ 2014

რა არის ოპტიკური ფართოზოლოვანი ინტერნეტი?
ოპტიკური ფართოზოლოვანი კავშირი (ოპტიკური ინტერნეტი) არის ინტერნეტ მომსახურების „უსწრაფესი“ ტექნოლოგია.
კავშირისათვის გამოყენებული კაბელი დამზადებულია ძალიან წვრილი შუშის ძაფებისაგან, რომელიც ლაზერის სხივის გასატარებლად არის განკუთვნილი. ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით. ოპტიკური ტექნოლოგია, ნებისმეირ სხვა ტექნოლოგიასთან შედარებით, ინტერნეტთან წვდომას ყველაზე მაღალი სიჩქარით იძლევა.

როგორია ოპტიკური ინტერნეტის ღირებულება?
აღნიშნული ტექნოლოგიით მომსახურება, DSL ტექნოლოგიით მომსახურების საფასურთან შედარებით, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია, რადგან მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერს სჭირდება ახალი კაბელის მიყვანა მომსახურების მიწოდების წერტილამდე. აღსანიშნავია, რომ ქართულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული ორმაგი შეთავაზების (ტელეფონია და ინტერნეტი) ან სამმაგი შეთავაზების (ტელეფონია, ინტერნეტი და ტელევიზია) მიწოდების შემთხვევაში, მომსახურების ფასი ბევრად ოპტიმალურია.

რა არის ოპტიკური ინტერნეტის დადებითი მხარეები?
მანძილი - ოპტიკური სადენები საშუალებას იძლევა სიგნალი გადაიცეს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე, ისე რომ არ შემცირდეს ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარე. შედარებისათვის, DSL-ის შემთხვევში, რაც უფრო დაშორებულია აბონენტი სატელეფონო სადგურიდან (ე.წ. „ატეესი“-დან), მით უფრო ნაკლებია ინტერენტის სიჩქარე. ოპტიკური კავშირის შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემა ხდება მყისიერად, გადაცემული პაკეტების დაყოვნება (ე.წ. ping) მინიმალურია. მაღალი ატვირთვის სიჩქარე - როგორც წესი, ბოლო მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება ორიენტირებულია ჩამოტვირთვის სიჩქარეზე, ხოლო ატვირთვის სიჩქარე დაბალია (DSL-ზე, უკეთეს შემთხვევაში, ატვირთვის მაქსიმალური სიჩქარე 1,5 - 2 მბ/წმ აღწევს).

აღსანიშნავია, რომ გარკვეული ტიპის მომსახურებები შეუძლებელია მიიღოთ ატვირთვის (2 მგბტ/წმ-ზე ნაკლები) დაბალი სიჩქარის არსებობისას (HDTV, high-quality video conferencing) ან მომსახურება მიიღოთ საკმაოდ დიდი ხარვეზებით და ცუდი ხარისხით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია არ ზღუდავს ატვირთვის სიჩქარეს. კავშირის და მომსახურების სტაბილურობა - აღნიშნული ტექნოლოგიით მომსახურების მიწოდება ყველაზე მაღალი სტაბილურობით და საიმედოობით ხასიათდება და ნაკლებად არის დამოკიდებული სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, მაგ: ელექტრო მოწყობილობების ზეგავლენა (DSL), ცუდი ამინდი (Wi-Fi) და ა.შ.

ვებ-გვერდი: analytics.gncc.ge

კატეგორიები